logo
ENG



"ცილისწამებაა, სჯობს, უკეთ გაარკვიონ" - მეუფე ნიკოლოზი სახდეპის ანგარიშის 5 ივლისის ნაწილზე

03 ივნ 202212:34
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და ამბობს, რომ ის ნაწილი, სადაც 5 ივლისის მოვლენებზეა საუბარი "ცილისწამებაა".

სახდეპის რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს ათასობით ძალადობრივად განწყობილი პირი, მათ შორის ქართული ეკლესიის მღვდლები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, გაანადგურებს თბილისი პრაიდის ოფისი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსაც.

მეუფე ნიკოლოზის მტკიცებით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სასულიერო პირი ვინმეს თავს დასხმოდა.

"ეს არის ცალსახად ცილისწამება. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ სასულიერო პირი დასხმოდა თავს, პირიქით. ხალხი იყო ძალიან დაძაბული და სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ერთ-ერთი სასულიერო პირი მოუწოდებდა ტრიბუნიდან, მაგრამ გავრცელებული რაც იყო, ისიც იყო ძალიან მოკლედ ეს გამოსვლა, სინამდვილეში, თუ მთლიანად მოუსმენთ, ისიც არ იყო ძალადობრივი"- ამბობს მეუფე ფორმულასთან საუბრისას.

ჟურნალისტმა მას შეახსენა იმ მომენტი, როდესაც მეუფე იოანემ პარლამენტთან შეკრებილებს ფორმულას ჟურნალისტ რატი წვერავას გაყვანისკენ მოუწოდა. ეს ეპიზოდი მიტროპოლიტმა შემდეგნაირად განმარტა:

"გაიყვანეთ სხვა რამეა და სცემეთ და მსგავსი მითითება არ ყოფილა. გაიყვანეთ ნიშნავს, რომ გაარიდეთ განსაცდელს. ეს ნამდვილად ცილისწამებაა და დასანანია, რომ კანონი არ არსებობს, რომელიც ცილისწამებისთვის სჯის. დეპარტამენტი ცოტა უკეთ რომ გაერკვეს სიტუაციაში და მისი კეთილგანწყობა რომ გამოჩნდეს ზოგადად ქვეყნის და საზოგადოების მიმართ, უკეთესი იქნება. პანდემიაზე განგიმარტეთ, მე შემეძლო დეპარტამენტის წარმომადგენლისთვისაც განმემარტა".

რაც შეეხება ანგარიშის იმ ნაწილს, რომელშიც პანდემიის პირობებში სასულიერო პირების პრივილეგიებზეა საუბარი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ადამიანს "რელიგიური თავისუფლება არ უნდა შეეზღუდოს".

მისივე თქმით, მათ ისევე ესაჭიროებოდათ გადაადგილება როგორც ექიმებსა და პოლიციელებს, რადგან სასულიერო პირები "მრევლის სულიერ უსაფრთხოებაზე" ზრუნავენ.

"ნამდვილად იყო გარკვეული პრივილეგია, მაგრამ არამარტო სასულიერო პირებს, ისეთ მოსამსახურეებს, რომლებსაც საზოგადოებრივი თვალსაზრისით გადაადგილება ესაჭიროებოდათ. მაგალითად ექიმებს, პოლიციელებს და კიდევ სხვა ტიპის მოსამსახურეებს... სასულიერო პირებიც ხომ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ? მრევლის სულიერ უსაფრთხოებაზე... ჩვენ მოსამსახურეები ვართ"- თქვა ნიკოლოზმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წაიკითხეთ აქ.


close დახურვა